weather cur horoscope tv
იანვარი 26, 2022

მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ

22:26 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021 hits 243

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლას დასთანხმდა. როგორც ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, სააკაშვილს გორში დღესვე გადაიყვანენ.

„რამდენიმესაათიანი საუბრის შემდეგ, დეტალების გავლის შედეგად, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალი სააკაშვილის მიერ აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია, ვფიქრობთ, ალბათ მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაზუსტებით ვიცოდეთ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ.

იყოს ყოველდღიური ანგარიშები, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რაც კი აქამდე შექმნილა, ყველა კონსილიუმის, ყველა მათგანის მონაწილეობით. ეს ეხება, სახელმწიფოს მიერ შექმნილს, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფს, ასევე ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფს. იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით მათი თანხმობაც იქნება. მიხეილ სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით. არ ვამბობ ზუსტად დროს, ამას ითხოვს უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია: „დღეს კონტაქტურია, კომუნიკაბელურია. შესაბამისად, ამ ეტაპზე რამე მძიმე გართულებები არ არის“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც 50-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება. ბრეგაძის თქმით, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებენ.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავიდან გლდანში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ის აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]