weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრემიერ–მინისტრი თელავში კახეთის მერობის კანდიდატებს წარადგენს

11:50 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

დღეს, 5 სექტემბერს, 19:00 საათზე, თელავში, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, თელავის მერობის კანდიდატია შოთა ნარეკლიშვილი, ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი და „საქართველოს ფოსტას“ კახეთის რეგიონული კოორდინატორი. თელავის მერობის კანდიდატურაზე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გუშინ, საღამოს შეჯერდნენ, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ გვიან ღამით გადაწყვეტილება ისევ შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ გუშინ დილით, თელავის ცენტრში "ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატი გამოაკრეს, სადაც თელავის მერობის კანდიდატად პლატონ კალმახელიძე იყო მითითებული. პლაკატი რამდენიმე საათში ჩამოხსნეს.

ახმეტის მერობის კანდიდატი სოსო ქარუმაშვილია, რომელსაც ამჟამად მცირე ბიზნესი აქვს. 2009-2010 წლებში ქარუმაშვილი მუშაობდა მუნიციპალიტეტის გამგებლის რწმუნებულად ქალაქ ახმეტის ტერიტორიულ ორგანოში. 2010 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარდგენით გახდა ახმეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი. საკრებულოში 4 წლის მანძილზე ეკავა ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარის თანამდებობა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში იყო „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის გელა სამხარაულის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ყვარელში მერის თანამდებობაზე „ქართული ოცნებიდან“ კენჭს როსტომ სესიაშვილი იყრის. 2010 წლიდან არის შპს „ეროს“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2015 წლიდან ასევე არის შპს „სესიაშვილის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 2013 წლიდან „ქართული ოცნების“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

გურჯაანში მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილია. 2009 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე არჩილ ხანდამაშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მმართველად მუშაობდა.

ლაგოდეხის მერად სახელისუფლებო პარტიიდან კენჭს ჯონდო მდივნიშვილი იყრის. 2008 წლიდან 2017 წლის სექტემბრამდე მუშაობდა „ლიბერთი ბანკში“ სხვადასხვა პოზიციაზე, ლაგოდეხის ფილიალის მენეჯერად, „ლიბერთი ექსპრესის“ მხარდაჭერის სამსახურის უფროსად, ლიბერთი ბანკის კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველად.

დედოფლისწყაროში „ქართული ოცნებიდან“ მერობის კანდიდატი მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილია. ის ერთადერთია მოქმედი გამგებლებიდან კახეთის რეგიონში, რომელიც სახელისუფლებო პარტიამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად წარადგინა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგილაშვილია, რომელიც ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „ერთობის“ თავმჯდომარეა.

საგარეჯოში მერის თანამდებობაზე კენჭს გიორგი ერბოწონაშვილი იყრის. იგი 2003 წლიდან დღემდე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე ღვინის ქარხნის შპს „კახეთი 3000“–ის დირექტორია. მანამდე მუშაობდა „სახალხო ბანკში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]