weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ევროპული მომავლის გარდა სხვა მომავალი არ არსებობს, არავის არ უნდა გადავყვეთ – ზურაბიშვილი

19:05 პარასკევი, 10 ივნისი 2022

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესში წინ სვლაში საქართველო არავის უნდა გადაყვეს, მათ შორის, არც ბიძინა ივანიშვილს.

„მე არ მჯერა, რომ რაიმე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, სადაც იმისთვის ჩავიდა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად „ბოლო ძალისხმევა“ არ დაეშურებინა.

„სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე მთავრობისგან უარი მიიღო და უთხრეს, რომ „მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა“.

„ამ უარის შემდეგ, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. რეზოლუციაში მოხვდა ბიძინა ივანიშვილიც. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის დროს, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ სათანადო გამოძიება არ ჩატარდა.

ევროპარლამენტი მხარს უჭერს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული მოსაზრებით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან, რათა მას შეეძლოს შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღება საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტი გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს ასრულებას და ამიტომ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ევროპული კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს.

 

ამ თემაზე:

თუკი EU-ის კანდიდატობას უსამართლო ვალდებულებებით მივიღებთ, უარი ვთქვათ – ხუნდაძე

კობახიძის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]