weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ან უნდა დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე – დათუნაშვილი

18:42 კვირა, 03 თებერვალი 2019

ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი განცხადებას ავრცელებს და მთავრობას, სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს მისი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. დათუნაშვილის განცხადებით, ის დგას არჩევანის წინაშე – ან დაასრულოს კარიერა, ან იფიქროს სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

„რამდენიმე დღეა განვაახლე ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით არვიცი, კონკრეტულად რისთვის ვემზადები, რადგან მოგეხსენებათ, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი აღკვეთი ღონისძიების მიხედვით ფედერაციის პრეზიდენტი დარჩა თანამდებობაზე, მე კი აქამდეც არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემი ამ ხელმძღვანელობასთან მუშაობის გაგრძელება არის შეუძლებელი. ამ მოცემულობიდან გამომდინარე,

ვდგები ჩემთვის უმძიმესი ორი არჩევანის წინაშე - ან დავასრულო კარიერა, ან ვიფიქრო სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე.

ჩემთვის ჭიდაობა არის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, 21 წელზე მეტია ამ სპორტით ვარ დაკავებული და მის გარეშე არსებობა უბრალოდ არ შემიძლია. ასევე წარმოუდგენელია, ვიასპარეზო რომელიმე სხვა ქვეყნის სახელით – გულზე მქონდეს და ხელში დავიჭირო სხვა ქვეყნის დროშა, კვარცხლბეკზე დგომისას ვეღარ გავიგონო ჩემი სამშობლოს ჰიმნი და თუკი ღმერთის წყალობით მოვიპოვებ მედალს, ეკუთვნოდეს რომელიმე სხვა ერს და არა ქართველ გულშემატკივარს.

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, სამწუხაროდ, დღესდღეობით სწორედ ამ ორი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. მინდა, ზემდგომ უწყებებს საქართველოს მთავრობას, უშუალოდ კი სპორტის სამინისტროს, ოლიმპიურ კომიტეტსა და პარლამენტის სპორტის კომიტეტს კიდევ ერთხელ ვთხოვო, დაინტერესდნენ ჩემი პრობლემით და უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.

მთელმა ქვეყანამ ნახა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ დაარღვია წესდება და ჩაიდინა თანამდებობისთვის შეუფერებელი საქციელი, ასევე, ბოლო პერიოდში არაერთხელ ითქვა სხვა ტიპის დარღვევებზეც, თუმცა გეგა გეგეშიძე ამ დრომდე აგრძელებს პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას.

მესმის, რომ ჩემი მდგომარეობა, შესაძლოა, აღიქმება ისე, როგორც ერთი სპორტსმენის პრობლემა, რომელიც მარტო აღმოჩნდა ხელმძღვანელი პირების უსამართლო მმართველობისა და ღიად გამოხატული ძალადობის პირისპირ, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არც ისე მარტო ვარ, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს და პრობლემები, რომლებიც მე გავაჟღერე არაერთ სპორტსმენს ეხება.

ბევრი ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა უკვე წავიდა ქვეყნიდან, ბევრიც იძულებული გახდა ჭიდაობისთვის თავი დაენებებინა და ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მიგვიყვანს სავალალო შედეგებამდე.

როგორც იცით, ნაკრების ერთმა ნაწილმა ღიად დაუჭირა მხარი ფედერაციის პრეზიდენტს, ამიტომ ამ ეტაპზე არ მინდა იმ სპორტსმენების დასახელება, ვინც განსხვავებულად ფიქრობს, რადგან ეს შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც ჭიდაობის სამყაროს ორად გახლეჩვა, რაც რეალურად ასე არაა და სინამდვილეში პრობლემები, რომელზეც ვსაუბრობ საერთოა ყველასთვის და მოჭიდავეებს ერთმანეთში არანაირი დაპირისპირება არ გვაქვს.

შესაბამისად, მინდა ყველას, ვისაც ხელეწიფება ჭიდაობის ფედერაციაში არსებული მდგომარეობის მოგვარება, მიიღოს შესაბამისი ზომები და ფედერაციას ჩამოაცილოს გეგა გეგეშიძე და მისი გარემოცვა, ხოლო თუ მიიჩნევა, რომ მას აქვს უფლებამოსილება გააგრძელოს თანამდებობაზე ყოფნა, მაშინ მირჩიეთ - დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან? ასევე მინდა ვთხოვო საზოგადოებას მაქსიმალურად დაინტერესდნენ მიმდინარე პროცესით, რადგან ჭიდაობის ფედერაცია არის საჯარო უწყება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თითოეულ ადამიანის წინაშე არის ანგარიშვალდებული“, – ნათქვამია ზურაბ დათუნაშვილის განხადებაში.

დათუნაშვილი აცხადებდა, რომ 11 იანვარს, სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების დროს, ფედერაციის პრეზიდენტმა მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ორჯერ ჩაარტყა. მოგვიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გეგა გეგეშიძე დათუნაშვილს სახეში მუშტს ურტყამს. ამ დროს მას ხელში სავარაუდოდ ჯაჭვი უჭირავს, რომელსაც დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. გეგა გეგეშიძე უარყოფდა, რომ ჯაჭვი ეჭირა, მისივე თქმით, არავისთვის არაფერი დაურტყამს.

გეგა გეგეშიძე 22 იანვარს, ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ გეგეშიძემ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სასამართლომ გეგა გეგეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა მისი თანამდებობიდან ჩამოშორების თაობაზე. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს არის ჩანიშნული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]