weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩემპიონთა ლიგის მოგებით მადრიდის „რეალმა“ რეკორდები გააუმჯობესა

12:41 კვირა, 04 ივნისი 2017

2016-2017 წლების UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მადრიდის „რეალმა“ მოიგო. უელსის დედაქალაქ კარდიფში გამართულ ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირის ფინალში „სამეფო კლუბმა“ იტალიის ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა და ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

მადრიდულმა გრანდმა მე-12 ჩემპიონთა თასი მოიგო და ამით საკუთარი მიღწევა გააუმჯობესა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგებით კი „მილანის“ 1989 და 1990 წლებში ნაჩვენები რეკორდი გაიმეორა. ზინედინ ზიდანი ასევე გახდა მეორე მწვრთნელი, ვინც აღნიშნული ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიგო, პირველი ხსენებულ წლებში „მილანის“ თავკაცი არიგო საკი გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ „რეალმა“ ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფორმატში შეძლო, „მილანელთა“ მიღწევები კი იმ დროს მოხდა, როდესაც ტურნირს ჩემპიონთა თასი ერქვა და უფრო მარტივი ფორმატით თამაშდებოდა. „რეალის“ კიდევ ერთი რეკორდული მიღწევის ავტორი კი გუნდის ლიდერი კრისტიანო რონალდო გახდა, რომელმაც სამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო გოლების გატანა, რაც აქამდე არავის უქნია. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ასევე გააუმჯობესა პირადი რეკორდი ევროტურნირებზე გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ.

„იუვენტუსმა“ თავის მხრივ მე-7 ფინალი წააგო, რაც ანტირეკორდია. „ბებერი სინიორას“ ლეგენდად ქცეული კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონისთვის კი კარდიფში განცდილი მარცხი მესამე წაგებული ფინალი გამოდგა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, იგი „იუვენტუსმა“ უკეთ დაიწყო. ტურინელები თამამად უტევდნენ და პირველ წუთებში ორჯერ სახიფათოდ დაარტყეს კეილორ ნავასის კარში, თუმცა კოსტა რიკელმა გოლკიპერმა გონსალო იგუაინისა და მირალემ პიანიჩის ორივე დარტყმა მოიგერია. მადრიდელები თამაშს ვერ ალაგებდნენ და ტურინელთა კარის სიახლოვესაც ვერ მიდიოდნენ, „იუვენტუსი“ კი კარგად კომბინირებდა. მიუხედავად ამისა ანგარიში ერთი შეხედვით ალოგიკური გოლით გაიხსნა - „რეალმა“ საკუთარი ნახევრიდან უსწრაფესი და ულამაზესი კონტრშეტევა განავითარა და საბილიარდო სიზუსტის კომბინაცია მე-20 წუთზე კრისტიანო რონალდომ გოლით დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი არ შედრკა, შეუტია და საწადელს შვიდ წუთში მიაღწია - ხორვატმა ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა უიშვიათესი სანახაობის გოლი გაიტანა, როდესაც იგუაინისგან ბურთი მკერდზე მიიღო და უკუდარტყმით საუცხოოდ ჩაუშვა მადრიდელთა კარში. პირველი ტაიმი იტალიის ჩემპიონი გუნდის სათამაშო უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევარი ზინედინ ზიდანის შეგირდებმა უკეთ დაიწყეს, სიტუაციაც შეიცვალა - ამჯერად სათამაშო უპირატესობა „რეალმა“ მოიპოვა, ტურინული კლუბი კი დაცვაში „ჩაჯდა“. გოლი მომწიფდა და ცხადია ის „სამეფო კლუბმა“ გაიტანა - კაზემირომ 61-ე წუთზე საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და ბურთიც რიკოშეტით ჯიჯი ბუფონის კარში შეფრინდა. სანამ „იუვენტუსმა“ რამე მოიფიქრა, სამ წუთში კრისტიანო რონალდომ შეტევა გოლით დაასრულა და ზიდანის გუნდის უპირატესობა სოლიდური გახადა. შესრულებული დუბლით რონალდოს წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლი დაუგროვდა,  ლიონელ მესის გადაასწრო (11 გ.) და ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტურინელები ანერვიულდნენ, კონტრშეტევები სცადეს, თუმცა პირველი ტაიმისგან განსხვავებით კომბინაციები აღარ გამოსდიოდათ. ალეგრის გუნდს გარდატეხის შესატანად არც ძალა, არც ცვლილებები და აღარც იღბალი აღმოაჩნდა. მალევე მატჩის არბიტრმა შეცვლაზე შესული კოლუმბიელი ხუან კუადრადო გააძევა, რომელმაც ჯერ უხეშობისთვის მიიღო პირველი ყვითელი ბარათი, მალე კი სრულიად უწყინარ სიტუაციაში - მეორე, როდესაც მსაჯი სერხიო რამოსის უბინძურეს პროვოკაციას წამოეგო და ფეხბურთელი გააძევა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ისეთი დონის გუნდის კაპიტანსა და უბრალოდ ისეთ სპორტსმენს, როგორიც სერხიო რამოსია, მსგავსი სიმულაცია არ მართებდა, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც მისი გუნდი შეხვედრას უკვე დიდი სხვაობით იგებდა. კაცნაკლულ ტურინელებს მეოთხე გოლი შეცვლაზე შესულმა მარკო ასენსიომ ბოლო წუთზე გაუტანა და „რეალს“ შთამბეჭდავი გამარჯვება გაუფორმა.

ამრიგად, ესპანეთის ჩემპიონმა „რეალმა“ იტალიის ბოლო წლების საუკეთესო გუნდის დამარცხებით სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა და აგვისტოში გასამართ ევროპის სუპერ თასის მატჩში ევროპა ლიგის წლევანდელ გამარჯვებულ „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდება.

იუვენტუსირეალი 1:4

კარდიფი, „მილენიუმ სთედიუმი“, მაყურებელი: 65 842

იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი (კუადრადო 66), ბონუჩი, კიელინი; დანი ალვესი, პიანიჩი (მარკიზიო 71), ხედირა, ალექს სანდრო; დიბალა (ლემინა 78), მანჯუკიჩი; იგუაინი.

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

რეალი (4-3-3): კ. ნავასი; კარვახალი, ს. რამოსი, ვარანი, მარსელო; კროოსი (მორატა 89), კაზემირო, მოდრიჩი; ისკო (ასენსიო 82), ბენზემა (ბეილი 77), კ. რონალდო.

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 0:1 რონალდო (20), 1:1 მანჯუკიჩი (27), კაზემირო (61), 1:3 რონალდო (64), 1:4 ასენსიო (90).

გაფრთხილება: დიბალა (12), პიანიჩი (66), ალექს სანდრო (70), კუადრადო (72, 84) - ს. რამოსი (31), კარვახალი (42), კროოსი (53), ასენსიო (90).

გაძევება: კუადრადო (84).

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]