weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2020

შეისწავლეთ მუსტაფა ჩაბუქის მიმართ თურქეთში შესაძლო წამების რისკი - სახალხო დამცველი

09:33 სამშაბათი, 30 მაისი 2017 hits 1032

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში შესაძლო ექსტრადიციას ეხმაურება. უჩა ნანუაშვილი შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაკავებულიექსტრადიციის საკითხის განხილვისას შეისწავლონ მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები.

„დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან, თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტის და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც 2002 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს, 25 მაისს კრიმინალურმა პოლიციამ, თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე, თბილისში დააკავა. მუსტაფა ჩაბუქს თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომაზე მუსტაფა ჩაბუქმა ქართულ მხარეს სთხოვა თურქეთს არ გადასცენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მუსტაფა ჩაბუქს სასამართლომ საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეუფარდა. საიას განცხადებით, საქართველომ არ უნდა მოახდინოს მისი ექსტრადირება, რადგან თურქეთში შეიძლება სერიოზული საფრთხე დაემუქროს.

დემირელის სკოლის მენეჯერის დაკავებას 26 მაისს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ გამოეხმაურა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მაღალია რისკი, რომ ჩაბუქს აწამებენ ან მის მიმართ მოხდება ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]