weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

არასწორი ინფორმაციის გადაცემა ძალიან საგანგაშო ფაქტია – გაბუნია მეგი ბაქრაძის საქმეზე

16:29 ხუთშაბათი, 08 აპრილი 2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე კლინიკა „იმედის“ ექიმებისა და ექთნისთვის ბრალის წარდგენას. თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდება ძალიან საყურადღებოა.

„რეგულირების სააგენტომაც უკვე მოიძია დამატებითი და ზუსტი ფაქტები იმასთან დაკავშირებით, რეალურად როგორ განვითარდა მოვლენები ჩვენი კოლეგის შემთხვევის მართვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, რაიმე გადაცდომას თუ აქვს ადგილი, ამისთვის უნდა დაველოდოთ სამხარაულის დასკვნას და ექსპერტების შეფასებას. ასე რომ, ჯერჯერობით სამედიცინო გადაცდომაზე საბოლოო დასკვნა არ მაქვს, თუმცა ის, რაც გაცხადდა და გაჟღერდა, არასწორი ინფორმაციის გადაცემა, როგორც რეგულირებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არის ძალიან საგანგაშო ფაქტი“, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

კითხვაზე – თუ დადასტურდება, რომ ექთანს ადრენალინი არ გაუკეთეს, რა რეაგირება იქნება სამინისტროს მხრიდან, თამარ გაბუნიამ განაცხადა: „საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო. მას შეუძლია დააყენოს სერთიფიკატის შეჩერების ან საერთოდ შეწყვეტის საკითხი. ეს არის მაქსიმალური სანქცია, რაც შეიძლება პროფესიული განვითარების საბჭომ განიხილოს“.

გუშინ, 7 აპრილს, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვიოლეტა ინასარიძეს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების მუხლით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმი ვიოლეტა ინასარიძე, რომელიც აცხადებდა, რომ მდგომარეობის გაუარესებისთანავე მეგი ბაქრაძეს ადრენალინის ნემსი გაუკეთა, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა პაციენტთან. ვიოლეტა ინასარიძის სასარგებლოდ ცრუ ჩვენება ერთმა ექთანმა და ექიმმაც მისცეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ბრალს აღიარებენ.

მეგი ბაქრაძე 18 მარტს, შპს „ახალციხის კლინიკა იმედში“, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მას თავდაპირველად გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება აღნიშნულ კლინიკაში გაეწია, ხოლო შემდგომ იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გადაყვანილ იქნა თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. მეგი ბაქრაძის საქმეს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტო. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]