weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პირველი დღეა, როცა მიხეილ სააკაშვილი ლოგინიდან ვერ ადგა – პირადი ექიმი

23:37 შაბათი, 13 ნოემბერი 2021

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ექიმა თქვა, რომ სააკაშვილის შიმშილობას აგრძელებს, ძალიან სუსტადაა და დღეს პირველად ლოგინიდან ვერ ადგა.

„აქვს ძალიან ძლიერი სისუსტე და წევს ლოგინში. ამასობაში რაღაც ტესტები ავიღეთ. საკანში ვესტუმრე, იმიტომ, რომ არ შეეძლო ქვემოთ ჩამოსვლა. პირველი შემთხვევა იყო დღეს, როდესაც პრეზიდენტი ვერ ადგა ლოგინიდან, ვერ დგება, მძიმე სისუსტე აქვს, ტკივილები არ იყო. ცოტა უჭირს საუბარი“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „სასიცოცხლო მედიკამენტები“ მიიღო.

„დრო არ ითმენს, მეგობრებო. სასწაული არ ხდება. ეს ადამიანი, ჩენი პრეზიდენტი ყოველდღე უფრო ცუდად არის. ეს რაღაც საგიჟეთია.

უნდა შეწყვიტოს შიმშილი და გადავიდეთ პოსტშიმშილის მკურნალობაზე, რომელიც კიდევ ერთი თავის ტკივილია და არც ვიცი, ქვეყანაში გვყავს ამის სპეციალისტები თუ არა“, – აღნიშნა ექიმმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44 დღეა შიმშილობს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა, 8 ნოემბერს კი გლდანის N18 მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, რუსთავის ციხიდან მოტყუებით, სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის პირობით გამოიყვანეს, ხოლო N18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან „კრიმინალების გინების ქვეშ გადმოათრიეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში“. ყოფილი პრეზიდენტი დაწესებულების ხელმძღვანელი პირის მხრიდან მის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობდა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი მესამე პრეზიდენტის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ, მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით, გადაწყვიტა, სააკაშვილისთვის შიმშილობის შეწყვეტისკენ მოეწოდებინა. გარდა ამისა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა აცნობოს მას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის (ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის) შესახებ, უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში ზოგადად და შესაბამისი მოვლა შიმშილობის შემდგომ გამოჯანსაღების პერიოდში.

11 ნოემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“ გამოაქვეყნა სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში შეყვანის ამსახველი ვიდეომასალის ფრაგმენტები. გასაჯაროებული კადრებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული სამედიცინო დაწესებულებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით მოათავსეს. კადრების მიხედვით, დაწესებულების თანამშრომლებმა ყოფილი პრეზიდენტი რეანომობილიდან ძალით ჩამოიყვანეს, ხელებსა და ფეხებში მოკიდეს ხელი და ასე აიყვანეს პალატაში.

სააკაშვილი მზად არის გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოწოდება შიმშილობის შეწყვეტის შესახებ იმ პირობით, თუ მისი რეაბილიტაციისთვის მულტიფუნქციური და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება შეირჩევა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი და „გლდანის საავადმყოფოში ამის არც ტექნოლოგიური პირობებია, არც კვალიფიციური მედპერსონალი“. ის ასევე უარს აცხადებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე, რადგან მიიჩნევს, რომ ეს „უდიდეს საფრთხეს“ უკავშირდება რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების დანაყოფების სიახლოვის გამო.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტის შემთხვევაში, მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკი აღარ იარსებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]