weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია – მიხეილ სააკაშვილი

10:48 სამშაბათი, 09 ნოემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი იზიარებს და მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გადაწყვეტილებას გლდანის ციხესთან აქციის გამართვაზე უარის შესახებ.

„აქ მზადდებოდა და ახლაც მზადდება პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ჩაშლას. ყოჩაღ ამისთვის!“, – მიმართა სააკაშვილმა მელიას.

მისი თქმით, ხელისუფლებას პროვოკაციის შესაძლებლობა არ უნდა მისცენ.

„არ წამოვეგოთ მათ პროვოკაციებს. ჩვენი ერთიანობით, მშვიდობიანობით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბანდიტებს ჩაუვარდა ხელში და დაღუპვის პირასაა.

მინდა ხელახლა ვთხოვო ემიგრაციას, ახლა არის მომენტი, აჩუქოთ საქართველოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე დღე და ბოლომდე მივიყვანოთ საქმე. ძალიან დიდი იმედი მაქვს ყველა თქვენგანის. არ შეგვეშინდეს ამათი. ჩვენ ბევრად მეტნი ვართ და რაც მთავარია, მართალი ვართ და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები, ჩვენი სამშობლო გვაქვს გადასარჩენი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გლდანში, მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს, ოპოზიციის აქციის დაწყებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გადაიყვანეს. პირველი ოქტომბრიდან ის სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდა და პროტესტის ნიშნად შიმშილობდა.

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან იმ დროს გაიყვანეს, როდესაც დედას, გიული ალასანიას და შვილებს უნდა შეხვედროდა. იმის გამო, რომ ციხის ტერიტორიაზე ვერტმფრენი გამოჩნდა, გაჩნდა ვარაუდი, რომ პატიმრის გადაყვანა ვერტმფრენის საშუალებით მოხდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაარკვია, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით განხორციელდა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურა გაავრცელა სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის საკნის დატოვების კადრები, სადაც, უწყების განცხადებით, „ნათლად ჩანს, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ“. ექსპრეზიდენტმა სახალხო დამცველთან შეხვედრისას განმარტა, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.

მოგვიანებით, ციხის საავადმყოფოდან გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მოატყუეს. მისივე თქმით, მე-18 დაწესებულებასთან მიყვანის შემდეგ მანქანიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ, კრიმინალების გინების ქვეშ, გადმოიყვანეს, მიწაზე გაათრიეს და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

„მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, ისევე როგორც პალატაში, სადაც რაღაც გაურკვეველი კრიმინალური შესახედაობის მედპერსონალი მომიახლოვდა და ამ დროს მართლაც ანალიზატორს გავკარი ხელი იმიტომ რომ რაღაც ნემსის გაკეთება დაიწყეს ჩემი ნებართვის გარეშე. ჩემი რეაქცია იყო გამოწვეული მთელი ამ ძალადობის და შეურაცხყოფის შემდეგ აღელვებით. ყველა იქცეოდა როგორც ნამდვილი კრიმინალები. ჩემს საკანში მუდმივად ისმის კრიმინალების შეძახილები და ხმა“, – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ექსპრეზიდენტი ამბობს, მას ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, სავარაუდოდ, ხელმძღვანელმა, უთხრა: „აჰა, ჩიტო, ჩაგიგდეთ ხელში“. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამავე პირმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]