weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თერჯოლაში ავარიას ორი ბავშვი ემსხვერპლა

15:19 ორშაბათი, 07 აგვისტო 2017

იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ ჩხარში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში გამგებლის წარმომადგენელმა ვასილ ფანჩულიძემ უთხრა, გარდაცვლილები 15 წლის ასაკის ბიჭები არიან. 

ვასილ ფანჩულიძის თქმით, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მძღოლი, 26 წლის კაცი, მრავლობითი ტრავმებით საავადმყოფოშია მოთავსებული. ავარია სავარაუდოდ გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი გახმაურებული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გუშინ, საგარეჯოში ავარიის შედეგად ავტომობილის მძღოლი, 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, მგზავრი კი დაშავდა.

5 აგვისტოს, სურამში ავტომობილი 38 წლის ქალს და მის 5 წლის ბავშვს მაშინ დაეჯახა, როდესაც ტროტუარზე მიდიოდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

26 ივლისს, ყვარელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ასაკის სამი ბიჭი ადგილზევე დაიღუპა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებიდან ერთ-ერთი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

24 ივლისს, თუშეთში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა. „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც ის მართავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. მძღოლი ნასვამი იყო.

19 ივლისს თელავში ავარიის შედეგად 23 წლის მამაკაცი დაიღუპა. „ვაზ 2106“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მამაკაცი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მართავდა.

მსხვერპლით დასრულდა 4 ივლისს, სოფელ წინანდალში მომხდარი ავარია. კომბაინთან შეჯახების შედეგად „ჟიგულის“ მარკის ავტომობილში მჯდომი 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 4 დაშავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 3%-ით შემცირდა დაღუპულთა რიცხვი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]